
ახალ წელს უძველესი დროიდან აღნიშნავენ. მას ჯერ კიდევ 4000 წლის წინ ზეიმობდნენ ძველი ეგვიპტელები. ძვ. წ. აღ. 2000 წლისათვის ეგვიპტელებმა ახალი წლის აღნიშვნა ახალი მთვარის გამოჩენას დაუკავშირეს და მას გაზაფხულის პირველ დღეს დღესასწაულობდნენ. ეს დრო ახალი წლის აღსანიშნავად ლოგიკური იყო, გაზაფხული ხომ ბუნების გაცოცხლების, თესვისა და ყვავილობის პერიოდია.
ბაბილონელთათვის ახალი წლის დღესასწაული თერთმეტ დღეს გრძელდებოდა და ყოველი დღე თავისებურად აღინიშნებოდა.
ადრე ახალ წელს რომაელებიც გაზაფხულზე დღესასწაულობდნენ, მაგრამ არა პირველ დღეს, არამედ მარტის ბოლოს. მარტშივე ზეიმობდნენ მას ჩვენი წინაპრებიც.
ჩვ. წ. აღ. 153 წელს რომის სენატმა ახალი წლის დაწყების თარიღად 1 იანვარი გამოაცხადა. ამ თვეს „იანვარი“ სწორედ რომაელებმა უწოდეს მათი წარმართული ღვთაების - იანუარის - სახელის მიხედვით. ქართულად ამ თვეს აპნისი ეწოდება.
იანუარის კერპი ორსახოვანი იყო. მას წინა სახე ახალგაზრდისა ჰქონდა, რომელიც შორს სივრცეში იყურებოდა, უკანა სახე კი - მოხუცებული. ის ვალმოხდილი და ჩაფიქრებული თითქოს ძველისა და ახლის, დასაწყისისა და დასასრულის ერთობას წარმოადგენდა.
ახალი წელი დიდი სახალხო დღესასწაული იყო. ამ დროს ეწყობოდა წარმართული გართობა-თამაშობები, შეჯიბრებები და სანახაობები. ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციები ყველა ქვეყანას თავისებური ჰქონდა. მაგალითად, ბაბილონელები საახალწლოდ რაიმე გადაწყვეტილებას იღებდნენ, ეს შეიძლება ყოფილიყო წონაში დაკლება ან მოწევისათვის თავის დანებება. ამ დღეს აბრუნებდნენ ნასესხებ სამუშაო იარაღებსაც.
ძველ საბერძნეთში ახალი წლის აღნიშვნა მათი ღვთაების - დიონისეს სახელს უკავშირდებოდა. ამ დროს, ბერძნული ტრადიციით, ქუჩებში კალათაში ჩასმულ ბავშვებს ჩამოატარებდნენ ხოლმე, რადგან მიაჩნდათ, რომ ასე დიონისე ხელახლა იბადებოდა და ნაყოფიერება მოჰქონდა.
ძველი რომაელები ფიქრობდნენ, რომ მთელ წელს ისე გაატარებდნენ, როგორც ახალ წელს შეხვდებოდნენ, ამიტომ ხალხი ახალი წლის პირველ წუთებს ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად ხვდებოდა. წვეულება ხშირად შუაღამემდე გრძელდებოდა.
ადრე მიაჩნდათ, რომ ახალ წელს შემოსულ პირველ სტუმარს ოჯახისათვის ბედნიერების ან უბედურების მოტანა შეეძლო. დროთა განმავლობაში ამ წარმოდგენამ მეკვლეობის ტრადიცია წარმოშვა.
საახალწლოდ სახლებს საგანგებოდ რთავდნენ ნაძვის ტოტებით, სუროს ფოთლებით და სხვა მარადმწვანე მცენარეებით, რადგან ისინი მარადიული ცხოვრების სიმბოლოდ ითვლებოდა.
ახალი წლის ზეიმზე განსაკუთრებული იყო სუფრაც. სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლოდ საგანგებო კერძები მზადდებოდა, ზოგიერთი მათგანი იღბალის მომტანადაც ითვლებოდა, მაგალითად, ევროპელები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ თუ წრიულ კვერებს შეჭამდნენ, მთელ წელს ბედნიერად გაატარებდნენ.

აღმოსავლეთ საქართველოში შობიდან ახალ წლამდე კვირას ეწოდებოდა „წელშუის კვირა“, თუშეთში „ქრისტეს წელწადშუ“. ამ პერიოდს ლხინში ატარებდნენ. სვანეთში ახალ წელს „ზომხას“ უწოდებენ, სამეგრელოსა და გურიაში კი „კალანდას“. შობა-ახალი წლის დღესასწაული ხანგრძლივი ზეიმით აღინიშნებოდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий