четверг, 30 мая 2013 г.

ვემზადებით ექსკურსიისთვის

  ახლოვდება ზაფხული და კიდევ ერთი საინტერესო ექსკურსიის მოლოდინში არიან ბავშვები...
 კვირას  2  ივნისს   მოსწავლეები  მშობლებთან  ერთად გაემგზავრებიან  სასკოლო ექსკურსიაზე უფლისციხეში...
მიზანი: კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა. მიღებულ შთაბეჭდილებებზე მსჯელობის და საკუთარ ნამუშევართა გადმოცემის უნარის განვითარება.
მშობელთა კრებაზე მოვაგვარეთ  საორგანიზაციო საკითხები...

среда, 29 мая 2013 г.

ჩვენი ერის საგანძური

უფლისციხე 011993.jpg უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.
წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა.
გვიანდელი ბრინჯაოს ადრეულ საფეხურზე უნდა იყოს ათვისებული ქვიშაქვების მასივი. ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის I ნახევრიდან იქმნებოდა უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომლის ძირითადი ნაწილი უმთავრესად გამოკვეთილია ადრინდელი ანტიკური (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები) ხანაში. გვხვდება შუა საუკუნის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი. შედარებით უკეთაა დაცული შიდა ქალაქი (ფართობი 4 ჰა), რომელიც მთელი ძეგლის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს. შიდა ქალაქი დასავლეთი და სამხრეთი მხრიდან ბუნებრივადაა დაცული. აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი მხრიდან კი იცავდა კლდეში გაჭრილი დიდი თხრილი, რომელსაც შიდა მხარეს ოთხკუთხაკოშკებიანი განიერი კედელი მიუყვებოდა (შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი ფოსოები).
საფორტიფიკაციო კედლების ქვედა ნაწილი ნაგები ყოფილა კიდეებშემოთლილი (რუსტებიანი) ქვათლილებით, ხოლო ზედა — ალიზის აგურით. სამხრეთ მხარეს მდინარე მტკვარზე ეშვებოდა კლდეში გაჭრილი დიდი გვირაბი. იქვე, სამხრეთ უბანში, გაკეთებული იყო შიდა ქალაქის მთავარი შესასვლელები, მ.შ. მცირე კლდეკარი. შიდა ქალაქი დასერილია კლდეში ნაკვეთი ქუჩების ქსლით, მათგან ერთი მაგისტრალურია, ხოლო დანარჩენი — გვერდითი. გამოქვაბულები განლაგებულია ცალკე ჯგუფებად, ზოგი ერთმანეთთან დაკავშირებულია ფართო გასასვლელებით. ქალაქის ზემო ნაწილში განლაგებული დარბაზების კომპლექსიდან აღსანიშნავია კლდეში ნაკვეთი დიდი დარბაზი, რომლის ნახევარწრიული კამარა დამუშავებულია კლდეშივე ნაკვეთი რვაკუთხა კესონებით.

 სამთავისის ტაძარი

Samtavisi Cathedral.jpgგადმოცემის მიხედვით, სამთავისის ტაძარი თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად აუგია ვახტანგ გორგასალს,ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეების მიხედვით სამთავისის ძველი ეკლესიის აშენების თარიღია 472 წელი. იმდროინდელი ნაგებობებიდან აღარაფერია შემორჩენილი. X-XI საუკუნეებში სამთავისში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი. ამ ტაძრის შესახებ წერილობით წყაროებში მნიშვნელოვანი ცნობა არ არის შემონახული. იგი მხოლოდ გვიანდელი ხანის სიგელ-გუჯრებშია გაკვრით ნახსენები. სამთავისის ტაძრის აგების ზუსტ თარიღსა და ამშენებლის ვინაობას გვაუწყებს დასავლეთის კარის ზემოთ, აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულების თავზე ამოკვეთილი სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა,



ამ წარწერებით ირკვევა, რომ სამთავისის ტაძარი აუგია სამთავნელ ეპისკოპოსს ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელს 1030 წლს. მასვე 1050 წელს აუშენებია კათედრალისათვის განკუთვნილი მარანი და საწნახელი. გარდა XI საუკუნის წარწერებისა, სამთავისის ტაძრის ფასადებზე შემორჩენილია შედარებით გვიანდელი ხანის ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან ტაძრის ისტორიაზე. დასავლეთის ფასადზე, კარს ზემოთ შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომლის თანახმად საქართველოს მეფის გიორგი III–ის მეფობის დროს იოანე სამთავნელს ტაძრისთვის მიუდგამს კარიბჭე. მემატიანის ცნობით, XII საუკუნის II ნახევრიდან XIII საუკუნის დასაწყისამდე სამთავისი ჯერ ქართლის კათალიკოს მიქაელს ეკავა, ხოლო შემდეგ მწიგნობართუხუცესის ანტონ ეპისკოპოსის სამფლობელო იყო. XIV საუკუნის I ნახევრიდან, გიორგი ბრწყინვალის მეფობის დროს, სამთავისი ზევდგენიძე-ამილახვრებს ებოძათ. XV საუკუნეშიძეგლი ძლიერ დაზიანდა: ჩამოინგრა გუმბათი, დასავლეთის კარი, თაღები, გუმბათქვეშა პილონი და მთლიანად ფასადები. XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში ადგილობრივმა ფეოდალების ამილახვრების აღზევების შემდეგშესაძლებელი გახდა ტაძრის ”მეორედ” აშენება-განახლება. ტაძრის დასავლეთ ფასადზე შემორჩენილი წარწერების თანახმად ძეგლი მეორედ აუშენებიათ გაიანე და სიაოშ ამილახვრებს; გაიანე ქართლ-იმერეთის მეფის ბაგრატ IV-ის დაა, ამირინდო ზევდგენიძე-ამილახვრის მეუღლე, სიაოში - მათი ვაჟიშვილი. თავიდან აშენდა ტაძრის ჩრდილოეთ-დასავლეთის ბურჯი, გუმბათი და დასავლეთის კედელი, სადაც ჩატანებულია სამშენებლო წარწერა. ტაძრის ინტერიერში, აფსიდის კონქსა და გუმბათქვეშა აღმოსავლეთის ბურჯებზე შემორჩენილ წარწერებში გადმოცემულია ტაძრის მოხატულობის განახლებისა და ხელახლა მოხატვის ამბავი. ამ წაწერის მიხედვით, ტაძრის მოხატვის კტიტორები ყოფილან - გივი ამილახვარი ამისი მეუღლე თამარი, ხოლო შემსრულებელი - მელიტონ სამთავნელი. ეს სამუშაოები შეუსრულებიათ 1679 წელს. 1847 წელს ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა არქიტექტურულმა რიპარდმა.
ძეგლი გამოირჩევა პროპორციათა ჰარმონიულობით, ვირტუოზულად შესრულებული მორთულობით. მას ახასიათებს ზოგი თავისებურება, რომელიც საფუძვლად დაედო ქართულ ხუროთმოძღვრების შემდგომ განვითარებას. აღმოსავლეთის ფასადის დამუშავება, რომელსაც კვლავინდებურად ხუთთაღოვანი სისტემა უდევს საფუძვლად, ქმნის რთულ დეკორატიულ კომპოზიციას. საკურთხევლის მთავარი სარკმლის თავზე გაჩნდა უზარმაზარი მოჩუქურთმებული ჯვარი, სარკმლის ქვეშ კუთხით დაყენებული, ჩუქურთმით შევსებული ორი კვადრატი. სამთავისის აღმოსავლეთის ფასადის დეკორატიულ დამუშავების გავლენას დიდხანს განიცდიდა ქართული ხუროთმოძღვრება. მან განსაკუთრებით იჩინა თავი XII საუკუნის II ნახევარში.
 http://ka.wikipedia.org/